მამოლოგია

მამოლოგია (მასტოლოგია) ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის სარძევე ჯირკვალში მიმდინარე სხვადასხვა ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს. დღესდღეობით მედიცინის ეს დარგი ძალზედ მოთხოვნადია, რადგანაც სარძევე ჯირკვლების დაავადებები სულ უფრო ხშირად გვხვდება. 

მამოლოგია შეიცავს სარძევე ჯირკვლის ყველა პათოლოგიის დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას, გამოიკვლევს ამა თუ იმ დაავადების წარმოქმნის მიზეზს.

იმისთვის, რომ პაციენტმა დროულად შეიტყოს დავადების შესახებ, სულ უფრო ხშირად ხდება ახალი მეთოდების გამოყენება ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონამქნების აღმოსაჩენად. თუმცა სარძევე ჯირკვლის დაავადებათა უმრავლესობა არ არის ავთვისებიანი, ძალზედ მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს დიაგნოსტიკა მათ შესაფასებლად, რადგანაც თუ კი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე იქნა აღმოჩენილი ადრეულ სტადიაზე, მისი მკურნალობა უფრო ეფექტურია. თანამედროვე მაღალმგრძნობიარე აპარატურის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის უნიკალური მეთოდიკების გამოყენებით, შესაძლებელია მოხდეს სარძევე ჯირკვლის პრაქტიკულად ყველა პათოლოგიის განკურნება.

ექიმი მამოლოგები წარმატებით სვამენ დიაგნოზს და მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ძუძუს კეთოლთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებები. ასევე წარმატებით ოპერაციული მეთოდებით (ონკოქირურგია) მკურნალობენ სხვადასხვა სახის წარმონაქმნებს.

ავთვისებიანი დაავადებების მკურნალობას აწარმოებს ონკო-მამოლოგი. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია დასვას სწორი დიაგნოზი. აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ყველა ის სიმპტომები რომლებიც აწუხებს პაციენტებს არის არაონკოლოგიური დაავადებების - მასტოპათიის, ფიბროადენომის, ცისტის, ლაქტოსტაზის და სხვა დაავადებების გამოვლინებები.

როგორც ცნობილია, ნებისმიერი დაავადების, განსაკუთრებით ავთვისებიანი დაავადების წარმატებით მკურნალობა, დიდწილად დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაზე გამოვლენაზე. მხოლოდ დროული დიაგნოსტიკა უმრავლეს შემთხვევაში იძლევა საშუალებას ბოლომდე მოხდეს პაციენტის განკურნება.

ხშირად სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა არ არის დაკავშირებული რაიმე ტექნიკურ სირთულეებთან.  პათოლოგიური პროცესის ზუსტად დადგენისთვის მიმართავენ როგორც მარტივ, ასევე უფრო რთულ და ინვაზიურ დიაგნოსტიკურ მეთოდებს. 

დიაგნოსტიკური კვლევების ძირითადი პროცედურებია:

ინსპექცია - სარძვე ჯირკვლების დათვალიერება. აკვირდებიან ძუძუს ფორმას, ზომის ნებისმიერ ცვლილებებს, დგომას, დვრილ-არეოლური კომპლექსების მდგომარეობას.

პალპაცია - ყველაზე მარტივი მეთოდია, რომელიც ხორციელდება ხელით გასინჯვით. ეს მეთოდიკა იძლევა საშუალებას შევაფასოთ ჯირკვლის სიმკვრივე, ინახოს სხვადასხვა კვანძოვანი წარმონაქმნები.

ულტრაბგერითი გამოკვლევა - კვლევის რუტინული მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა დავინახოთ სარძევე ჯირკვლის სტრუქტურის თავისებურებები. მისი დახმარებით ხდება სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების ბიოფსიის ჩატარება.

მამოგრაფია - ეს არის რენტგენოლოგიური მეთოდი. იგი ენიშნება წელიწადში ერთხელ ყველა 40 წელს გადაცილებულ ქალს.

ბიოფსია - ეს არის ინვაზიური მეთოდი, რომელიც ინიშნება სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნის ბუნების ვერიფიკაციის მიზნით იგი სრულდება პუნქციის მეშვეობით და ამგვარად მიღებული მასალა გამოიკვლევა ლაბორატორიაში წარმონაქმნის მორფოლოგიური სტრუქტურის დასადგენად.

დაავადებების წარმოშობის მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად მიიჩნევა გენეტიკური წინასწარგანწყობა, აგრეთვე მდგომარეობები, რომელთა დროს დარღვეულია ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი.

სარძევე ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:

მასტოპათია - დისტროფიული პროცესი ჯირკვლის ქსოვილში

ცისტა - სითხოვანი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი

მასტიტი - ჯირკვლის ქსოვილების ბაქტერიებით გამოწვეული ანთებითი ინფიტლრაცია

ლაქტოსტაზი - მეძუძურე დედებში რძის დაგროვების გამო ჯირკვლების მტკივნეული გადიდება

სარძევე ჯირკვლის კიბო - ავთვისებიანი პროცესი.

ამგვარად, მამოლოგია მედიცინის უმნიშვნელოვანეში დარგია, რომელიც საშუალებას იძლება გამოვლენილი იქნას სარძევე ჯირკვლალში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამ პროცესების ადრეული ვერიფიკაცია საშუალებას იძლევა დროულად იქნას დაწყებული მიზანმიმართული მკურალობა, რომელიც პაციენტს ხშირად შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.

ყველა ქალმა ექიმ მამოლოგთან კონსულტაცია პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაიტაროს წელიწადში ერთხელ მაინც, განსაკუთრებით მათ, ვისი ასაკიც 40 წელს გადაცილებულია.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამკერდე ჯირკვლები გააჩნიათ მამაკაცებსაც. ამასთან, მამაკაცის სამკერდე ჯირკვლების დაავადებები, როგორებიცაა გინეკომასტია, კიბო, „მონდორის“ დავადება, ძუძუს თავის ადენომა და სხვა საჭიროებენ არანაკლებ ყურადღებას და არავითარ შემთხვევაში მამაკაცების მხრიდან უხერხულობის ან სირცხვილის გრძნობამ არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ექიმთან ვიზიტზე.

ნებისმიერი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა დაგაეჭვოთ ჯირკვალში არასასურველ პროცესის არსებობაზე, ექიმთან ვიზიტის გადადება სახიფათოა. ამიტომ გირჩევთ დროულად ჩაიტაროთ კონსულტაცია ჩვენს ექიმ-მამოლოგთან ბატონ ირაკლი კოხრეიძესთან რათა დარწმუნებული იყოთ თქვენს ჯანმრთელობაში.